კონკურსი – ჩემი თვალით დანახული გურია

2018 წლის ივლისში მონაწილეობა მივიღე “ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის” მიერ ორგანიზებულ კონკურსში – “ჩემი თვალით დანახული გურია”, რომელშიც გავხდი გამარჯვებული.

კონკურსი 15 ივნისს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა შეეძლოთ გურიის სამივე მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეესბს. კონკურსს წინ უსწრებდა სატრენინგო შეხვედრები თვითმმართველობის საფუძვლების, პროექტების მომზადებისა და ბლოგების შექმნასთან დაკავშირებით.

კონკურსი გამოცხადებული იყო პროექტის „თვითმმართველობაში აზრის გავლენის გაზრდა, ახალგაზრდულ ჯგუფებს შორის კომუნიკაციის გაღრმავების ინოვაციური მეთოდების გამოყენებით“ ფარგლებში.

გიზიარებთ ნაწყვეტს ჩემი ბლოგიდან – გურიის 7 საოცრება

შემოქმედი

ყოვლისა შემოქმედმა ღმერთმა გურულებს წყალობა არ დაგვაკლო და დედამიწაზე ერთი კოხტა, მყუდრო და მშვიდი ადგილი გვიბოძა, რომელსაც მადლიერმა გურულებმა ჩვენთვის უფლის სინონიმი სიტყვა შემოქმედი ვუწოდეთ. ასეთი ადგილის მონახულებას თავისი შნო აქვს და ხასიათიც შესაბამისი სჭირდება. ლიხაურის სიმწვანით და სიხასხასით მოხიბლულმა და სიმშვიდის ძიების სურვილით შეპყრობილმა გადავწყვიტე გეზი სწორედ ამ მშვენიერი სოფლისკენ ამეღო. შემოქმედი არცისე შორს და არცისე ახლოს იყო, შეიძლება ითქვას იმ მანძილეზე როცა ფიქრისთვის და განსჯისთვის საკმარისი დრო გაქვს, სიწყნარის ძიებამ ჩემი საყვარელი სიმღერა Sound of silence გამახსენა და მთელი გზა ამ სიმღერის ფონზე მივიწევდი წინ. როცა შემოქმედს იმ მანძილზე მივუახლოვდი რომ ერთ-ერთ გორაკზე ჰოლივუდურ სტილში დაწერილი შ ე მ ო ქ მ ე დ ი ამოვიკითხე გამეღიმე, ვერ გადავწყვიტე ეს გურულების განსაკუთრებული იუმორის გამოვლინება იყო თუ ,,არავის არ ჩამოუვარდების“ კარნახით შესრულებული კაპრიზი.

გზა განვაგრძე, ამ ადგილის შესახებ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ისტორიული სოფელი იყო და ისიც, რომ აქ მე-12 საუკუნეში აშენებული ტაძარი იდგა, თუმცა როგორც აღმოვაჩინე ამ ტაძრის ღირებულება უფრო მეტი იყო ვიდრე მხოლოდ ისტორიულობა. ერთს გეტყვით, თუ კი თვქენ გსურთ, რომ გაიგოთ სიჩუმის ხმა, დიახ Sound of silence, შემოქმედის ტაძარი სწორედ ეს ადგილია. გორაკზე გამოკიდებულ ამ სავანეში თითქოს რაღაც ღვთიური სული ცხოვრობს, რომელიც დიად სიჩუმეს სიყრუეს აკარგვინებს და განსაკუთრებულ ჟღერადობას სძენს. გამოგიტყდებით რაღაც სხვანაერი სიახლოვე ვიგრძენი შემოქმედსა და მის ხატად და მსგავსად გაჩენილ ადამიანს შორის. თითქოს მეტი რაღა უნდა ვთქვა, ამ ემოციას რაღა გადააჭარბებდა, მაგრამ ტაძრის გალავნიდან რომ ჩემს პატარა გურიას ხელისგულივით დაინახავთ ეს კიდევ სხვა ამბავია, სხვა სიხარულია, უყურებ და ბავშვივით გიხარია, რომ ამ ადგილის შვილი ხარ, მისი ნაწილი, ისეთივე ნაწილი, როგორც მისი მთები და ზღვა.

გორაკებიდან ქვემოთ მდინარის ნაპირებისკენ ჩამოვინაცვლე, როგორც ამბობენ მდინარე ნახიდარას ნაპირზე დღეს უკვე ცარიელ გამოქვაბულში საუკუნეების წინ ბერები ცხოვრობდნენ. ამასობაში შემომაღამდა, ალბათ კიდევ დიდხანს დავრჩებოდი ამ ყოველ მხრივ ღვთიურ ადგილას, მაგრამ ჩემი საყვარელი მხარის შეცნობის გაგრძელებას მომდევნო დღესაც ვაპირებდი, ამიტომაც ძალების მოსაკრებად და ახალი თავგადასავლისთვის მოსამზადებლად შემოქმედს დავემშვიდობე და სახლში დავბრუნდი. შემოქმედში მოგზაურობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, თუ როგორი დაუმუშავებელი ალმასია ჩემი გურია და იმაშიც, თუ რამდენად დიდია მისი ბრილიანტად ქცევის პოტენციალი.

სრული ბლოგი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:

გურიის 7 საოცრება