წარმატებით დავასრულეთ პროექტი – “სამოქალაქო პასუხისმგებლობის ინიციატივა”, რომლის მიზანი იყო სტუდენტების გაძლიერება სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და აქტიური მოქალაქეობის იდეების პოპულარიზაციის მეშვეობით და სამოქალაქო საზოგადოების იდეებზე ცნობადობის ამაღლება.
პროექტის ბენეფიციარებს წარმოადგენდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ასევე, ყველა მოქალაქე, რომელიც გაეცნო ჩვენს სოციალურ პლატფორმებს. პროექტის დაგეგმვის საწყის ეტაპზე ჩვენთვის პრიორიტეტული იყო პროექტის მიზნის, კონცეფციისა და სამიზნე ბენეფიციარების განსაზღვრა. გადავწყვიტეთ, რომ შეგვემუშავებინა რამდენიმე კვირაზე განაწილებული ფორმატის მქონე პროექტი, რაც ერთი მხრივ ამბიციური ამოცანა იყო, ხოლო მეორე მხრივ ეს იყო ბენეფიციართა ინტერესის მაქსიმალურად გაზრდის ეფექტური საშუალება. შესაბამისად, კონტენტ ანალიზის საფუძველზე და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით შევარჩიეთ რამდენიმე აქტუალური და საინტერესო თემა, რომელსაც ჩვენი გადაწყვეტილებით დაფარავდა მოწვეული სპიკერები. ჩვენი კავშირების გამოყენებით მოვახერხეთ შერჩეული თემების გარშემო კომპეტენტური პირების მოძიება, მათთან კომუნიკაცია და შეთანხმება ჩვენი პროექტის სპიკერობაზე. ასევე, კომუნიკაცია დავამყარეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან სივცრის გამოყოფის მიზნით. მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტი სივრცის გამოყოფაზე დაგვთანხმდა დავიწყეთ მარკეტინგული კამპანია. კერძოდ, შევქმენით ჩვენი ინიციატივის სოციალური ქსელები, ლოგო, მოვამზადეთ გაცნობითი სახის პოსტერი და გავაზიარეთ ინფორმაცია სხვადასხვა საკომუნიკაციო ჩატში. ასევე, ინფორმაცია გავაზიარეთ ჩვენი პროექტის სპიკერების შესახებ და დავდეთ პროექტში მონაწილეობის სარეგისტრაციო ფორმა.
პროექტის ფარგლებში გვყავდა 32 ბენეფიციარი და ჩატარდა 3 სესია.
პროექტი ყოველგვარი ფინანსური რესურსის გარეშე განხორციელდა.





