დამოუკიდებელი დელეგატების მიერ შექმნილი საიტი მთლიანად განახლდა! ჩაეშვა პლატფორმა, რომელიც სრულყოფილ ინფორმაციას მიაწოდებს სტუდენტებს სტუდენტური თვითმმართველობის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დელეგატების საქმიანობის შესახებ. პლატფორმის მიზანია, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობა. ასევე, ის ხელს შეუწყობს იმას, რომ გაიზარდოს თვითმმართველობის ანგარიშვალდებულება სტუდენტების მიმართ. პლატფორმა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე თავად განსაზღვრონ რამდენად კარგად მუშაობს ეს ორგანო და შეფასების ფორმის საშუალებით ამ ორგანოს წარმომადგენლებს მიაწოდონ შენიშვნები, იდეები და რეკომენდაციები.
ჩემი საარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო სტუდენტური თვითმმართველობის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულობის ზრდა.


ამ მიზნით თავდაპირველად მსურდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიტზე განახლებულიყო ინფორმაცია. გარდა ამისა, საიტზე დაემატებინათ ანგარიშების მენიუ. ასევე, შევსებულიყო პროექტებისთვის გამოყოფილი მენიუ და ღონისძიებების კალენდარი. თუმცა, სამწუხაროდ, დამოუკიდებელი დელეგატების არაერთი მცდელობის მიუხედავად დღემდე არ მომხდარა ამ ცვლილებების გათვალისწინება და თსუ-ს საიტზე დღესაც არ არის ინფორმაცია განახლებული. (წყარო)
სწორედ ამიტომ, ვმუშაობდი დამოუკიდებელ დელეგატებთან ერთად რამდენიმე კვირის განმავლობაში საიტის შექმნაზე.
საიტის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რადგან სამწუხაროდ, სტუდენტური თვითმმართველობის, როგორც დამოუკიდებელი ორგანოს შესახებ სტუდენტების დიდ ნაწილს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია. არ არის გამჭვირვალე ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა და შესაბამისად, ბუნებრივია, რომ სტუდენტების გარკვეულ ნაწილს ამ ორგანოს მიმართ ნდობა აქვს დაკარგული. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დელეგატები აგვირჩია სტუდენტებმა, მათ გამოგვიცხადეს ნდობა და ვფიქრობ, რომ ჩვენი საქმიანობაც უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და იმის დასამტკიცებლად, რომ დაკისრებულ პასუხისმგებლობას ბოლომდე ვიაზრებთ საიტზე განვათავსებთ ჩვენი საქმიანობის ანგარიშებს, რაც ყველა სტუდენტს მიაწოდებს ინფორმაციას ჩვენი საქმიანობის შესახებ.

