მედიის განვითარების ფონდის მიკრო საგრანტო კონკურსში გამარჯვების შედეგად, მე და ჩემმა გუნდმა 2024 წლის 18-19 სექტემბერს განვახორციელეთ პროექტი – ,,მედიაწიგნიერების მცველები”, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ერთდღიანი სასერტიფიკატო ტრენინგები თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მედიაწიგნიერების უნარების გაუმჯობესების თემაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 16-26 წლის ახალგაზრდებმა კახეთის რეგიონიდან. ტრენინგი ჩატარდა ისეთ თემებზე, როგორებიცაა: მედიაწიგნიერების რაობა, თანამედროვე მედიაეკოსისტემა და დეკოდირება; ინფორმაციის დამუშავება, ნავიგაცია დეზინფორმაციაში; კიბერუსაფრთხოება და დეზინფორმაცია, ვიზუალური მანიპულაციების იდენტიფიცირება და გადამოწმების საშუალებები; სოციალური მედიის ყალბი ანგარიშების ამოცნობა და გადამოწმება; სოციალური მედიის შინაარსის შექმნა. გარდა ამისა, შევქმენით ციფრული რესურსები მედიაწიგნიერების შესახებ და ასევე, განვახორციელეთ კონკურსი ჩვენი პროექტის მონაწილეებისთვის, გამარჯვებულებს გადავეცით პრიზები ჩვენი პარტნიორი კომპანიებისგან.
მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა მცირე ბიუჯეტი და შეზღუდული რესურსები, მოვახერხეთ 4 კომპანიასთან შეთანხმება, რომლებიც ჩვენი პროექტის სპონსორები გახდნენ, ვითანამშრომლეთ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რომლებმაც უსასყიდლოდ დაგვითმო თავიანთი სივრცე. საბოლოოდ, განვახორციელეთ ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებშიც 54 -ზე მეტ ახალგაზრდას შევხვდით პირისპირ და 5000 -ზე მეტი ინგეიჯმენტი დავაგროვეთ სოციალურ ქსელებში.





